“სიბრძნის, სიყვარულის, სილამაზისა და ქართული გენის ზეობა”

July 14, 2022 Uncategorized  No comments

ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ლიტერატურულ სპექტაკლს , რომელიც მეათეკლასელმა “მზეკაბანელებმა” შემოგვთავაზეს დღეს.
არ ვიცი, ეს როგორ დავწერო, ეს თავად უნდა ნახო და მოისმინოო – ბრძანა ერთმა სტუმარმა წარმოდგენის შემდეგ და მეც იმავეს გავიმეორებ. ძნელია სიტყვაში ჩაატიო ის ემოცია, რომელიც დღეს განვიცადეთ თითქმის 2 საათის განმავლობაში. ქალბატონმა მანანა წერეთელმა და მისმა შეგირდებმა ამ სპექტაკლით სულ სხვა განზომილებაში გადაგვიყვანეს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს ქართული გენის უნიკალურობასა და უკვდავებაში.
თითოეულ მონაწილეს პროფესიონალი მსახიობივით ჰქონდა გათავისებული თავისი როლი, ამიტომაც შეძლეს მსმენელის დატყვევება.
შეუდარებელი გახლდათ ვახო პატარიძის მიერ განსახიერებული ტარიელი; ნამდვილად მოგნუსხავდათ მარიამ მაკარიძე ნესტან – დარეჯანის როლში; თინათინის მშვენიერება და კდემამოსილება ზუსტად მიიტანა მაყურებლამდე ნინი მაჭარაშვილმა, რომელსაც პარტნიორობდა სწორფერი ავთანდილი – ამიკო მაკარიძე. ალბათ , თავად რუსთაველიც იამაყებდა , ანა კუბლაშვილის ასმათისათვის რომ მოესმინა.
ფრიდონის როლი შესანიშნავად მოირგო საბა ცერცვაძემ; თუკი რომელიმე რეჟისორი გადაწყცეტს და ” ვეფხისტყაოსნის” სცენებს გადაიღებს, მას თამამად შეგვიძლია ლიზი ნეფარიძის კანდიდატურა შევთავაზოთ. შეუდარებელი გახლდათ მისი ფატმანი.
რუსთაველის სიბრძნე ღაღადებდა შესანიშნავი დეკლამატორების – მარიამ პერანიძის, გვანცა ქარქაშაძისა და მარიამ გეწაძის ბაგეთაგან.
კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს სპექტაკლის მონაწილეებმა, რომ შოთა რუსთაველი და მისი ” ვეფხისტყაოსანი” ნამდვილადაა მსოფლიო ლიტერატურის მწვერვალი.
წარმოდგენას კრავდა თავსა და ბოლოში წაკითხული ქალბატონ მანანა წერეთლის საკუთარი ლექსები, რომლებმაც სიკაშკაშე შემატა ამ დიად საგანძურს.
გარემო გახლდათ საოცარი…. დეკორაციებმა, შესანიშნავმა მუსიკალურმა ფონმა და სლაიდებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა სპექტაკლი.
” ეს ბავშვები და ქალბატონი მანანა მარტო თქვენს რაიონს კი არა, მთელ საქართველოს უნდა აჩვენოთ” – ბრძანა ერთ-ერთმა სტუმარმა და მის სურვილს აუცილებლად შევასრულებთ… სექტემბერში ისედაც დაგეგმილი გვქონდა ამ წარმოდგენის ჩვენება ფართო აუდიტორიისათვის.
მადლობა ქალბატონო მანანა! ყოჩაღ , მოსწავლეებო!

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

87 + = 88