“მზეკაბანის” სიამაყე – ქალბატონი მანანა წერეთელი.

October 26, 2023 Uncategorized  No comments

კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა თერჯოლის ქალთა საბჭოს ისტორიაში. კიდევ ერთხელ იფრქვეოდა ულამაზესი ლექსების სტრიქონები სხდომათა დარბაზში. კიდევ ერთ შემოქმედ ქალბატონს უმასპინძლა თერჯოლის ქალთა საბჭომ. ეს გახლდათ ,,მზეკაბანი-2007”-ის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი ქ-ნი მანანა წერეთელი.
ქ-ნი მანანა დაიბადა და გაიზარდა ჭიათურაში. საშუალო სკოლაც იქვე დაამთავრა, რომლის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავისი ცხოვრება თერჯოლას დაუკავშირა, ოჯახიც აქვე შექმნა და პირველი სამუშაო გამოცდილებაც მიიღო რაიონულ გაზეთ ,,თერჯოლის“ რედაქციაში, რის შემდეგაც 20 წელიწადი ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თერჯოლის N1საჯარო სკოლაში. დღეს კი მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ,,მზეკაბანთან“- განათლების ერთ-ერთ მძლავრ კერასთან მუნიციპალიტეტში და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში. ის ამ სკოლის სული და გულია, მისი განუყოფელი ნაწილია, სასკოლო თეატრალური სპექტაკლების სცენარების ავტორი და რეჟისორია. მისი მოსწავლეები კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასაოცარ შედეგებს დებენ.
ქ-ნ მანანას გამოცემული აქვს ლექსების კრებული ,,მზის საგალობელი“. ახლო ხანებში იგეგმება გამოცემა მისი ახალი ლექსების კრებულისა ,,პირობით ზღვართან“.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა, ცხოვრებისთვის თავი არ დაუხრია. ღირსეულად ზიდა ცხოვრების ჭაპანი და დღეს ხარობს თავისი ოთხი შვილის ბედნიერებით, რომლები აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჰყავს ექვსი შვილიშვილი.
ისე საოცრად გადმოსცა ქ-ნი მანანას პიროვნება მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ, მეთორმეტეკლასელმა ,,მზეკაბანელმა“ გოგონამ, რომ თერჯოლის ქალთა საბჭოს სათქმელიც არ დაგვიტოვა.
,,უეცრად გამეღვიძა, თითქოს ცივი წყალი გადამასხა ვიღაცამ. შიშმა ჭერს მიმაჯაჭვა, მზერა გამეყინა. საძრაობადაკარგულმა გვიან გავაცნობიერე , რომ სკოლაში წასასვლელი ვიყავი. ტელეფონს გადავწვდი, ერთი საათი მქონდა მოსამზადებლად. ცოტა კიდევ დავიცადე. ტვინის უჯრედებს თვალი გადავავლე, ჩავუსაფრდი მოსალოდნელ განცდებს. მხოლოდ ერთი საათი და ჩემი სახლიდან საკლასო ოთახში აღმოვჩნდები. ამ ფიქრმა ჟრუანტელი შემიკიდა, გული ამიჩქარა და დამდორებული სისხლი ამიძრავა ძარღვებში . უეცრად დალაგდა საფიქრალიც და საკეთებელიც, თითქოს ყველა დიდი მასწავლებელი ერთად გამომეცხადა და დამმოძღვრა :
,, ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო .
ვინ არის , სიდამ მოსულა , სად არის , წავა სადაო ? „
ამაზე პასუხი ჩემი ძვირფასი მასწავლებლის დახმარებით ვიპოვე . მე არ ვიცი , როგორ უნდა გადმოვცე სიტყვებით მადლიერება და პატივისცემა , რომელთაც მის მიმართ ვგრძნობ . სკოლაში ფეხის შედგმა და ამ საყვარელი ადამიანის დანახვაც კი ჩემთვის ბედნიერი დღის დასაწყისის საწინდარია . მისი თვალები ისეთ სითბოსა და სიყვარულს იტევს, შეუძლებელია, რომ ეს მყისიერად ვერ იგრძნო . ჩემი მასწავლებელი ჩემი იმედია , ჩემი ნათელი წერტილია, სინათლეა უკუნეთში. ის არის პიროვნება, რომელმაც მე ,,ფეხზე დგომა ‘’ მასწავლა. ჩემი მრავალი სასიამოვნო მოგონება სწორედ მას უკავშირდება. მუდამ მემახსოვრება მისი სიამაყითა და სიხარულით გაცისკროვნებული თვალები, თუმცა სულ ასე როდია?! ზოგჯერ საქმიანი კამათი და პოლემიკაც ყოფილა ჩვენ შორის. მთავარი კი ისაა, რომ ჩემს წარმატებებში ,, ლომის წილი ‘’ სწორედ მისია . ჩემი ყველა გრძნობა მისდამი წრფელი და უშუალოა . იგი არ ქმნის ჩარჩოებს , იძლევა შესაძლებლობებს და მიძღვნის საკუთარ თავს, როგორც რესურსს, რომლის ,, გამოყენებაც ‘’ წარმატების გარანტია . ასეთია ჩემი საყვარელი მასწავლებელი .
კრიალოსანივით იკინძება სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე . დრო მიექანება უბელო რაშივით და ყურში კი ჩემი მასწავლებლის სიტყვები მესმის : ,, დროს ფაფარში ჩაეჭიდე, არ ჩამორჩე , მისი სიჩქარით უნდა გაქანდე , რადგან დაკარგულ დროს ვერ დაიბრუნებ ! ‘’ … მე არ დავკარგავ დროს და გავამრავლებ სიყვარულს, ცოდნასა და სიკეთეს, ,, საუკუნო საგზლად ‘’ რომ მიმაქვს ცხოვრების გზაზე ჩემო ძვირფასო მასწავლებელო !“
თერჯოლის ქალთა საბჭო მადლობას უხდის ქ-ნ მანანა წერეთელს ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისათვის, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისათვის და უსურვებს მომავალ წარმატებებს!

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

+ 71 = 77